ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა. პრემიერის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულ სამხედროს ,,დიდგორის ჯვრის მედალს" გადასცემს. პირველი მედალი თავად პრემიერმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ ცხადაძემ და მისმა მეგობრებმა დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე არ დატოვეს.
"ეს ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას სამშობლოს სამსახურისთვის და ვუსურვო სამხედრო წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























