ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად , მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს, - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით.
"გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულნი არიან: ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე, სწორედ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის შესაბამისად. მათ ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინებათ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ვინაიდან დაკავებული პირების მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელენ აღნიშნულ პირებს, უახლოეს საათებში გასაჯაროვდება.
"მათი ჩვენებები განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, პროკურატურაში მრავალი განცხადებაა მრავალი ეპიზოდის შესახებ, რომელშიც მხილებული არიან დაკავებული პირები, თუმცა დაკავების საფუძველი გახდა ის, რაც მე მოგახსენეთ. სხვა ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს ეტაპობრივად გაცნობებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისი თქმით, ამ დრომდე დაკავებულ პირთაგან მოწმის სახით მხოლოდ ბაჩანა ახალაიაა დაკითხული.

























