თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე ლიდერობს

თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეიცვალა და ამჯერად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე ლიდერობს. აღნიშნული ცვლილება სოფელ ქოსალარის #23-ე უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებამ გამოიწვია. თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა წუხელ გვიან ღამით ჩატარდა. კომისიის შენობის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სხდომის მიმდინარეობისას აქციას მართავდნენ. ისინი #23-ე და კოდის #40-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით "ქართული ოცნების" აქტივისტები შიმშილობდნენ კიდეც.
თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაშიაშვილი აცხადებს, რომ #23-ე უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება წარმოდგენილი მასალების საფუძველზე და საოლქო კომისიაში შეტანილი საჩივრების საფუძველზე მიიღო. თუმცა ვინაიდან სხდომა წუხელ, გვიან ღამით აქციის ფონზე მიმდინარეობდა, კომისიის წევრები და თავად ისიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ.
თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც სკანდირებდნენ და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ადგილზე სიტუაციას სამართალადამცავები აკონტროლებდნენ. პოლიციამ კოალიციის აქტივისტებს თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.
ქოსალარის #23 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შედეგად, დღეისათვის თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში უკვე "ქართული ოცნების" კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე ლიდერობს. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი მესტვირიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია მთელი ღამის განმავლობაში "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა და აქტივისტებმა შენობაში შეჭრაც კი სცადეს. მესტვირიშვილის თქმით, რეალურად კომისიას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ #23-ე საარჩევნო უბნის შედეგები გაეუქმებინა. მისივე განცხადებით, შესაძლოა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატმა გაასაჩივროს.

























