საინიციატივო ჯგუფი საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს აფუძნებს

საინიციატივო ჯგუფი საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს აფუძნებს

საინიციატივო ჯგუფი საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს აფუძნებს. დამფუძნებელი სხდომა 18 ნოემბერს, 16.00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დავით ზოდელავამ აცნობა, ის აპოლიტიკური ორგანიზაციაა და მისი მიზანია, კონსულტაცია და დახმარება გაუწიოს ორი ქვეყნის ბიზნეს-სტრუქტურებს სანიტარული სერტიფიკატით უზრუნველყოფასა და საბაჟო კანონმდებლობის პროცედურების გამარტივებაში.

"ჩვენ შევეცდებით რუსეთთან ძველი სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას. 18 ნოემბრის შეხვედრაზე, ერთის მხრივ იქნებიან ფერმერები, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანა სურთ, ხოლო მეორეს მხრივ, იმ რუსული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროდუქციის შეძენით. საბჭო იქნება ერთგვარი გზამკვლევი და შეეცდება ამ საკითხის ლობირებას", - განაცხადა ზოდელავამ.

მისივე თქმით, დამფუძნებელ სხდომაზე ასევე მიწვეულები არიან საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საბაჟო სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.