რუსეთი ვმო-ში გასაწევრიანებლად დარჩენილი ტექნიკური საკითხების მოგვარებას საქართველოს მხრიდან უახლოეს საათებში ელოდება

რუსეთი ვმო-ში გასაწევრიანებლად დარჩენილი ტექნიკური საკითხების მოგვარებას საქართველოს მხრიდან უახლოეს საათებში ელოდება

რუსული მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დარჩენილი ტექნიკური საკითხების მოგვარებას საქართველოს მხრიდან უახლოეს საათებში ელოდება და ვერ ხედავს ვერანაირ წინააღმდეგობას საკითხის დადებითად გადაჭრისთვის .

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე არკადი დვორკოვიჩმა დიმიტრი მედვედევისა და შვეიცარიის პრეზიდენტის, მიშელინ კალმი რეის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს", – აღნიშნა დვორკოვიჩმა. მისი ინფორმაციით, "შვეიცარიელი კოლეგები დღეს თბილისში გაემგზავრებიან და ამ საკითხს ქართველ კოლეგებთან განიხილავენ", – აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ.

მანვე განაცხადა, რომ თბილისში ამ მოლაპარაკებების შემდეგ, შესაძლოა სატელეფონო კონსულტაცია გაიმართოს შვეიცარიელ შუამავლებსა და რუსულ მხარეს შორის. დვორკოვიჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საუბარია მცირეოდენ საკითხებზე, რომელთა დაზუსტება აუცილებელია.

"დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ვერ ვხედავთ იმის წინააღმდეგობას, რომ სამუშაო ჯგუფმა ყველა საბუთი დაამტკიცოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში ორგანიზაციაში მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მიიღება", - განაცხადა დვორკოვიჩმა.

მისი ინფორმაციით, კოლეგასთან დღევანდელ შეხვედრაზე დიმიტრი მედვედევმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმ საბუთებთან დაკავშირებით, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა იყოს მიღებული.