მუამარ კადაფის დაკავების მიზნით სპეციალური ქვედანაყოფები შეიქმნა

ლიბიაში მუამარ კადაფის დაკავების მიზნით, სპეციალური ქვედანაყოფები შეიქმნა. ამის შესახებ "ასოშეითედ პრესი" იუწყება.
კადაფი, რომელმაც ტრიპოლი დატოვა, სავარაუდოდ, კვლავ ლიბიაშია. გასულ კვირას კადაფიმ სირიის ტელევიზიაში დარეკა და განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ სამშობლოშია და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამასთან, ამბოხებულების წარმომადგენელმა ანის შარიფმა განაცხადა, რომ მათთვის ცნობილია, როგორ იმალება კადაფი.
"ჩვენ მის გადაადგილებას ვაკვირდებით, ის ავტომობილების მცირე კოლონებით მოძრაობს და ცდილობს, ნატო-სა და ამბოხებულების ყურადღება არ მიიქციოს. ასევე, ცდილობს 2-3 საათზე დიდხანს ერთ ადგილას არ გაჩერდეს" - განაცხადა ანის შარიფმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებს ყველაზე მეტ დახმარებას კადაფის ძებნაში საფრანგეთი უწევს.

























