"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ქსნის ციხის ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში ადანაშაულებს

"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ქსნის ციხის ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში ადანაშაულებს

"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში ადანაშაულებს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაციიდან აცნობეს, 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შევიდა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული. მათი განმარტებით, 2011 წლის 3 სექტემბერს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 15-20-მა თანამშრომელმა სრულიად უმიზეზოდ პლასტმასის ხელკეთებით უმოწყალოდ ცემა პატიმრები, რის შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო რამდენიმე მსჯავრდებულმა. მათ დაკარგეს მხედველობა, მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანებები. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მსჯავრდებულები ითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას. ასევე, ისინი ასახელებენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ვინც მონაწილოებას იღებდა მათ წამებასა და ცემაში.

~მსჯავრდებულები განმარტავენ, რომ ცემის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები და მათი მითითებით ხდებოდა პატიმართა წამება. მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დაუპატიმრებენ ოჯახის წევრებს, ხოლო მათ 10-15 წელს დაუმატებენ სხვადასხვა ბრალდებით",-განაცხადეს ორგანიზაციაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ~სოლიდარობა უკანონო პატიმრებს~ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.