კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშს ხვალ ბათუმში მოისმენენ

კონტროლის პალატის საქმიანობის 2010 წლის ანგარიშს ხვალ ბათუმში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ რეგიონალურ ოფისში მოისმენენ .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კონტროლის პალატიდან აცნობეს, ბათუმში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კონტროლის პალატის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება, რომელზეც კონტროლის პალატა თავისი საქმიანობის 2010 წლის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშთან ერთად პალატის წარმომადგენლები პრეზენტაციებს გამართავენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამომავლოდ განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, პალატაში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები, ეფექტიანობის აუდიტი და ხარისხის კონტროლი.
სხდომას კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, დროებითი კომისიის თავმჯდომარე ბეჟან ბუცხრიკიძე და პარლამენტის სხვა წევრები დაესწრებიან.
პარლამენტის წევრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს კონტროლის პალატის ახალ ოფისი, რომელიც იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

























