რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ფოლადსადნობი ღუმელის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დღეს ახალი ფოლადსადნობი ღუმელის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ფუნდამენტის გათხრის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" პრეზიდენტმა ჯოზეფ ქეიმ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მიიღეს.
ქარხნის ხელმძღვანელობამ ახალი ფოლადსადნობი ღუმელის ფუნდამენტის მშენებლობის დასაწყისი ქარხნის 60 წლისთავს დაამთხვია.
როგორც ჯოზეფ ქეიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, 60 წლისთავზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში კიდევ ერთი 15 ტონიანი ე.წ. რკალური ღუმელით მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ქარხნის წარმადობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ფოლადის წარმოებას წელიწადში 200 000 ტონამდე გაზრდის.
"ჩვენ მივაღწიეთ, რომ 20 წლის სტაგნაციის შემდეგ ქართული ფოლადი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ჩამოისხა", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქარხანა, რადგან ის პროდუქცია, რომელსაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აწარმოებს, დღემდე სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა და გაცილებით ძვირი ჯდებოდა. მისივე თქმით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყანას ხიდებისა და გზების მშენებლობისთვის სჭირდება.
დღესვე, ფოლადსადნობი ღუმელის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ კონცერტი გაიმართა. კონცერტის მიმდინარეობისას ქარხნის ხელმძღვანელობამ 25 გამორჩეული მუშა-მოსამსახურე სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა. შოუ კონცერტი კი ფოიერვერკით დასრულდა.

























