გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება

გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგ საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდება.

ამის შესახებ თარგამაძემ დღეს საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ მეტი ლოიალობის გამოჩენას გულისხმობს, მხოლოდ პიარზე გათვლილ მოწოდებად არ დარჩება და იქცევა საქმედ, რომელიც ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის პარტნიორულ ურთიერთობებში აისახება.

როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები და მოწოდება, რომ ქართველ ბიზნესმენებს მეტი თავისუფლება მიეცეთ, ერთი მხრივ "ქრისტიან-დემოკრატების" დამსახურებაა, რადგან მოძრაობის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავდნენ. გარდა ამისა, პარტიამ ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა სპეციალური მიმართვა, სადაც პირდაპირ იყო დაყენებული მოთხოვნა, რომ ბიზნესმენები სახელისუფლებო მარწუხებიდან გაეთავისუფლებინათ.

თარგამაძის განცხადებით, სამართლიანი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად "ქრისტიან დემოკრატების" ბრძოლა გაგრძელდება და მოძრაობა ყველა ბიზნესმენისა თუ მეწარმის ინტერესს მომავალშიც აქტიურად დაიცავს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი ეკონომიკური კურსი საქართველოში უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას ითვალისწინებს. კერძოდ, შემოღებული იქნება საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეებს დაიცავს; ასევე, მეწარმეებზე საგადასახადო წნეხი შემცირდება. მეწარმის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში კი საწარმო არ დაიხურება, ის ფუნქციონირებას განაგრძოს და სამუშაო ადგილები შენარჩუნდება.