ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას გაწეული ხარჯების გათეთრების მცდელობაში ადანაშაულებს

ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას გაწეული ხარჯების გათეთრების მცდელობაში ადანაშაულებს

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში მორიგ ტყუილსა და თაღლითობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია უკვე გაწეული ხარჯების გათეთრებას ცდილობს.

ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოითხოვს ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით.

"19 ნოემბერს პარლამენტმა მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 97 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის, 10.9 მილიონი ლარით იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. აქედან 8.5 მილიონი ლარით იზრდება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანხები. 15.6 მილიონი ლარი ემატება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებს, რომელიც ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად იქნება მიმართული; 16.3 მილიონი ლარით გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც; გარკვეული თანხა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც მოხმარდება, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგო სისტემებს დააკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, მისი გაზრდა 46 მილიონი ლარით არის გათვალისწინებული", - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სულ 41 დღეა დარჩენილი და ამ მოკლე დროში ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება და ბიუჯეტში დამატებული თანხების ათვისება შეუძლებელია.

ექსპრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს თანხები უკვე გახარჯულია სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საზოგადოებისათვის უცნობი მიზნებისათვის და ამჟამად რეჟიმი უკვე გაწეული ხარჯების გათეთრებას ცდილობს.

"ბოლო დროს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ სახალხო სახსრების არამიზნობრივმა ხარჯვამ და გაფლანგვამ, ჩვენი ერისათვის დიდად საზიანო და სახიფათო მასშტაბი მიიღო. საჭიროა აღვკვეთოთ რეჟიმის ასეთი მოქმედება და არ დავუშვათ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გაღრმავება", - ნათქვამია განცხადებაში.