რამაზ ნიკოლაიშვილი - მომავალ წელს ინფრასტრუქტურული მშენებლობების ბუმი იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პირობას დებს, რომ მომავალ წელს ინფრასტრუქტურული მშენებლობების ბუმი იქნება.
ამის შესახებ რამაზ ნიკოლაიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრს მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ჰკითხა.
ნიკოლაიშვილის თქმით, სამინისტრომ ჯამში 22 ათასი ადამიანის დასაქმება შეძლო. "საქართველოში ბეტონის დამგები სამი მანქანაა. გერმანელი ოპერატორი, რომელიც ამ მანქანებზე მუშაობდა, 15 ათას ევროს იღებდა. ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან და დღეს უკვე აღნიშნულ მანქანებზე ქართველი ოპერატორები მუშაობენ. მართალია, მათ ამდენსავე ხელფასს ვერ ვუხდით, თუმცა ისინი იღებენ დაახლოებით იმდენს, რამდენიც მე მაქვს", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოში 36 ბეტონის ქარხანა გაიხსნა.
მინისტრმა ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დასრულდება.
პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის, რადგან აქამდე ისინი ფაქტობრივად გარესამყაროს მოწყვეტილი იყვნენ. "პროდუქციის გაცვლა და მიმოსვლაც ძირითადად ერევანში ხდებოდა. ამიტომ ამ გზის მშენებლობას აქვს პოლიტიკური ასპექტი, ინტეგრაციის დანიშნულება. ეს არის რეგიონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქართული ეკონომიკისთვის. ამ ხალხს წვლილი შეაქვს ქართული მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

























