კახა ბაინდურაშვილი ახალი საგადასახადო კანონმდებლობის უმთავრეს სიკეთედ მისი სიხისტის შემცირებას ასახელებს

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ახალი საგადასახადო კანონმდებლობის უმთავრეს სიკეთედ მისი სიხისტის შემცირებას ასახელებს.
ამის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საგადასახადო კოდექსის პროექტის მესამე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, 2004 წლის შემდეგ საქართველოს ერგო მემკვიდრეობა, როდესაც ერთი მხრივ, კორუმპირებული იყო ბიზნესი და მეორე მხრივ, კორუმპირებული იყო სახელმწიფო. ამიტომ, ბაინდურაშვილის თქმით, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მოქმედი საგადასახადო კოდექსის სიხისტე.
მისივე თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ შევიდა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, მასში იყო ბევრი შენიშვნებიც, თუმცა ეს უფრო ართულებდა მის აღქმას. ბაინდურაშვილს მიაჩნია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის უმთავრესი სიკეთე სწორედ ის გარემოებაა, რომ მასში საგადასახადო რეჟიმი უკვე ხისტი აღარ იქნება. რაც შეეხება ბიზნესის ლეგალიზაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს, ბაინდურაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის ლეგალიზაცია სახელმწიფოს სურს არა იმიტომ, რომ გაიზარდოს ფისკალური შემოსავალი, არამედ იმიტომ, რომ ბიზნესმა ლეგალურად მოქმედება შეძლოს. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის უმნიშვნელოვანეს დეტალად ბაინდურაშვილმა ასევე საგადასახადო ომბუთსმენის ინსტიტუტის შემოღება დაასახელა. მისი თქმით, ძალიან მნიშნველოვანია, რომ შეიქმნება ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება მთავრობასთან ბიზნეს სექტორის ჩივილები მიიტანოს.

























