"თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადადის

შპს "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადადის. ამ საკითხზე ხვალ, 13.00 საათზე, თავდაცვის უწყებაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენციისა და მისი თემის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ დღეს საღამოს გაავრცელა. მანამდე კი "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა, რომ "თბილავიამშენის" დირექტორი პანტიკო თორდია თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ინიშნება.
"თბილავიამშენში" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ შპს-ში გუშინვე დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დღეს დაგეგმილი იყო სპეციალური თათბირი, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

























