კახა ბაინდურაშვილი აღიარებს, რომ დღემდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა გადამხდელთა მიმართ ხისტ მიდგომას იჩენდა
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღიარებს, რომ დღემდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა გადამხდელთა მიმართ ხისტ მიდგომას იჩენდა და ახალი კანონმდებლობა სწორედ ამას ცვლის.
ამასთან დაკავშირებით ბაინდურაშვილმა დღეს "საფინანსო-საბიუჯეტო" კომიტეტის სხდომაზე, ახალი "საგადასახადო კოდექსის" პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ხისტი მიდგომა 2004 წლამდე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არსებულ კორუფციული ურთიერთობების აღმოფხვრის მიზნით იყო საჭირო, ახლა კი ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.
~დღეს ამ თვალსაზრისით არსებული ამოცანა შესრულებულია~, - განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ ახალი პროექტი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ნდობაზეა დამყარებული და მიზნად ისახავს ბიზნესის მაქსიმალურ ლეგალიზებას.
ამასთან, მინისტრი გონივრულ ადმინისტრირების და კანონის ორმაგი ინტერპრეტირების გამორიცხვის აუცილებლობაზეც საუბრობს, რაც, მისივე თქმით, სწორედ ახალმა კანონმდებლობამ უნდა განაპირობოს.
ახალი საგადასახადო კოდექსი დღეს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებსა და ბეჭდური მედია-საშუალებების დამფუძნებლებთან ერთად განიხილეს.

























