პარლამენტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა

პარლამენტმა დღეს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად დამტკიცებული ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით გაიზარდა.
მთავრობის მტკიცებით, ბიუჯეტის 215 მილიონი ლარით ზრდა ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ და დამატებით გრანტების გამოყოფამ განაპირობა. კერძოდ, 215 მილიონიდან 65 მილიონი გრანტებზე, ხოლო 150 მილიონი კი გადასახადებიდან შემოსულ თანხაზე მოდის.
გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და კომპენსაციების დარიგებას მოხმარდება.
კერძოდ, 24 მილიონი ლარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის დაემატა. ამავე თანხით მოხდება მათი კომუნალურ გადასახადებზე დაგროვილი ვალების დაფარვა. 12,5 მილიონი ლარი სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, ხოლო 6 მილიონი ლარი რაჭაში 2009 წლის სექტემბერში მიწისძვრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება. 9 მილიონი კი სასჯლაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სამი ციხის ტექნიკური აღჭურვისათვის დაემატება.
აღნიშნული ცვლილების დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6 მილიარდ 974 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

























