კახა ბაინდურაშვილი ლარის კურსის ცვალებადობას "საქართველოს დედამიწაზე მდებარეობას" უკავშირებს

ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, ლარის კურსის ცვალებადობა ბიუჯეტზე არა პოზიტიურად, არამედ ნეგატიურად აისახა.
ამის შესახებ ბაინდურაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მათ ხელისუფლება ბიუჯეტის ლარის ინფლაციის საფუძველზე გაზრდაში დაადანაშაულეს.
ბაინდურაშვილის თქმით, ბიუჯეტის გაზრდის ლარის კურსისთვის დაბრალება ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის შემოსავლები ლარშია და არა - უცხოურ ვალუტაში.
პირიქით, მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის ცვალებადობის გამო საგარეო ვალის მოსმახურება 17 მილიონი ლარით გაიზარდა. ლარის კურსის ცვალებადობას კი, მინისტრი იმ გარემოებას უკავშირებს, რომ საქართველო დედამიწაზე მდებარეობს და არა - მთვარეზე.
მისი განცხადებით, ლარის კურსი დოლართან მაშინვე დასტაბილურდება, როგორც დოლარისა და ევროს სტაბილიზიაცია დაიწყება.

























