ილიას უნივერსიტეტსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელის სპეციალობის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ფეხბურთის მწვრთნელთა განათლების ჩ კატეგორიის ლიცენზიის პროგრამა, რომელსაც გაივლიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთის სპეციალობის სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად.

ლიცენზირების პროგრამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია UEFA-სთან (ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) გაფორმებული კონვენციის საფუძველზე ახორციელებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამართულ ყოველწლიურ შეჯიბრზე - "უნივერსიადა 2010" გამარჯვებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მათ მწვრთნელებს დააჯილდოებენ.