მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრებს დღეიდან მართავს

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრებს დღეიდან მართავს

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუ საქართველოში შეხვედრებს დღეიდან მართავს.

ვიზიტის ფარგლებში ლე რუ დაათვალიერებს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებს - იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებარე მონაკვეთს, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას, გამოცდების ეროვნულ ცენტრს და "SCADA"-ს ენერგიის კონტროლის ცენტრს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ფილიპ ლე რუს ვიზიტი საქართველოში 14 ივნისამდე გაგრძელდება. ვიზიტის მიზანია, ქვეყნის პირველ პირებთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილოს მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური განვითარების მდგომარეობა და შესაძლო გზები, რითაც ბანკი ქვეყანას ეკონომიკურ აღმავლობაში დაეხმარება.

"მოხარული ვარ, რომ ვხედავ აღორძინებას ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავეხმაროთ ამ ეკონომიკური წინსვლის საწყისების გაძლიერებას და ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას. მსოფლიო ბანკი აფინანსებს პროგრამებს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, აგრეთვე, ისეთ პროგრამებს, რომლებიც ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს", - განაცხადა ფილიპ ლე რუმ.

მსოფლიო ბანკმა 2010-2013 წლებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია (CPS) 2009 წლის სექტემბერში დაამტკიცა. საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 49 პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 1.4 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა 290 მლნ აშშ დოლარის ახალი სესხი გასცა.