რასმუსენმა საქართველოს სამხედრო ძალებზე საზოგადოებრივი კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითა

რასმუსენმა საქართველოს სამხედრო ძალებზე საზოგადოებრივი კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მიუთითა, რომ უშიშროების სამსახურის ძალებზე სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"კიდევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი. Aალიანსი განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას და ახალი მიმართულებების მითითებას, კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის დაწესებას", - განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ვითარება საქართველოში, უსაფრთხოების სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის - საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია პატარა ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა რასმუსენმა.

2008 წელს საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ახალ ეტაპზე გადავიდა. გასული წლის დეკემბრუიდან ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გრძელდება.