საქართველომ საფრანგეთისგან ორი ვერტმფრენი შეიძინა

საქართველომ საფრანგეთისგან კატასტროფებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების სალიკვიდაციოდ ორი ვერტმფრენი შეიძინა.
ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დღეს პარიზში საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ევრო კოპტერს" შორის გაფორმდა. ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. ხელშეკრულებას ხელი ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა მოაწერა. ხელშეკრულების საფუძველზე ქართული მხარე "სუპერ პუმას" მოდელის ორ თანამედროვე ვერტმფრენს შეიძენს.
ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციებისთვის და ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
"ჩვენ ვაფართოებთ მცირე აეროპორტების ქსელს და ასევე, უნდა გვქონდეს ბევრი ვერტმფრენი. ჩვენ გვყავს ბევრი ძველი სახიფათო, ამ დროისთვის უკვე არასაიმედო რუსული ვერტმფრენი და მათი გამოცვლა სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ. დღეს ჩვენ შევიძინეთ ორი ყველაზე საუკეთესო ვერტმფრენი, რაც არსებობს მსოფლიოში. ეს უნდა გამოვიყენოთ სამაშველო ოპერაციებისთვის, სამედიცინო საკითხებისთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

























