ნოღაიდელის პარტია ლარის გაუფასურებას "სააკაშვილის რეჟიმის" პოლიტიკური კურსის შედეგად მიიჩნევს
ლარის გაუფასურება სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული იმ პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც მთლიანადხელისუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ნოღაიდელის პარტიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად არის დაავადებული და არ ვითარდება. ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის მიზეზად პარტიაში რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ შემოდის უცხოური ინვესტიციები; სავალუტო ბირჟაზე ადგილი აქვს მანიპულაციებს; მმართველმა პარტიამ დაიწყო ბიზნესმენებისთვის წართმეული ე.წ ~შავი ფულის~ ბაზარზე ხარჯვა.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვებიდან 296 მილიონი დოლარი დახარჯა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. (ივნისის თვეში უკვე 22 მილიონი დოლარი დაიხარჯა). მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეკონომიკა იმდენად არის განადგურებელი, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება ამ ზომებითაც ვერ მოხერხდა. ასე რომ, სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნება ქვეყნისთვის საკმაოდ ძვირ ~სიამოვნებას~ წარმოადგენს",-აღნიშნულია განცხადებაში.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პროგნოზით, ლარის კურსის დაცემას აუცილებლად მოჰყვება ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა ფასების ზრდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება, პენსიების და სოციალური დახმარების რეალურად შემცირება.
ნოღაიდელის პარტიის აზრით, ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება მხოლოდ პოლიტიკური გზით _ ხელისუფლიდან სააკაშვილის მმართველი გუნდის ჩამოცილებით არის შესაძლებელი.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

























