პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი საფეხბურთო სტადიონი გახსნა

ქუთაისში დღეს ახალი საფეხბურთო სტადიონი გახსნეს. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ექვსი თვე მიმდინარეობდა.
15 ათას მაყურებელს სტადიონზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან სტადიონზე შეკრებილებს არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"დასრულდა ის დრო, როცა საქართველო იყო მარტო თბილისი. დღეს უკვე ნებისმიერი ქალაქი - ქუთაისი, ზუგდიდი, სოხუმი, ისევე ნიშნავს მთლიან საქართველოს, როგორც ადრე მხოლოდ თბილისი ითვლებოდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
დღესვე ახლად გახსნილ სტადიონზე ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ვეტერანი "ტორპედოელები" და თბილისის "დინამოელები" შეხვდნენ. ანგარიში ფრედ 2:2 დასრულდა.

























