მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილები მიუსაფარი ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, უფლებადამცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ყოველკვირეულ აქციებს აანონსებენ.

„ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები, რომელმაც დაადასტურა ის ჩვენი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ არ შეიძლებოდა ათასობით ძაღლი გამქრალიყო საქართველოდან ისე, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ წაყვანილი სახელმწიფოს, ხელისუფლების რეჟიმის წარმომადგენლების და მათი ორგანოების მხრიდან. რბილად რომ ვთქვათ, დაძინებული, რეალურად დახოცილი.

ისინი იმის ნაცვლად, რომ მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაციას უტარებდნენ და ვაქცინაცია-აღრიცხვიანობას, მასობრივად მათ ხოცავდნენ. გარკვეულწილად, ახლაც აგრძელებენ აღნიშნულს - ღამე, ქურდულად, ყოველგვარი წესის და კანონის დარღვევით. ამის ნაცვლად კახი კალაძე ღიად გამოდის და გვემუქრება ცხოველთა დამცველებს.

ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტა, ამის მაგივრად ვაქცინაცია-სტერილიზაციის მასშტაბების გაზრდა და საყოველთაობა. მეორე, დამნაშავეთა დასჯა.

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას არავის არ გვეშინია, ყოველკვირეულ აქციებს გავაგრძელებთ. თუ ჩვენ არ ვართ ირანი და რუსეთი არ უნდა შევეგუოთ ამას. შემდეგ შაბათს შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან 16:30 საათზე”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.