გიგა ბოკერია - ამოცანა შესრულდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი უფრო ფართოდ იქნება მოცული მთელ საქართველოში, რასაც ამ რეჟიმის რეპრესიული მანქანა ვეღარ გაუძლებს, ჩამოიშლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიეცემა შანსი

გიგა ბოკერია - ამოცანა შესრულდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი უფრო ფართოდ იქნება მოცული მთელ საქართველოში, რასაც ამ რეჟიმის რეპრესიული მანქანა ვეღარ გაუძლებს, ჩამოიშლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიეცემა შანსი

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბევრად უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს პროტესტში - დიდი მნიშვნელობა აქვს რომ დღეს ბევრი ვიყოთ! - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანმა პროტესტმა ქვეყანა უფრო ფართოდ მოიცვას და შედეგად, „რეპრესიული მანქანა" ჩამოიშალოს.

„ამ წნეხმა, რაც საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია, შედეგები უკვე მოგვცა იმ კრიზის სახით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს შიგნით აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც ჩვენი საზოგადოების ამოცანის შესრულება ჰქვია. ამოცანა შესრულდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი უფრო ფართოდ იქნება მოცული მთელ საქართველოში, რასაც ამ რეჟიმის რეპრესიული მანქანა ვეღარ გაუძლებს - რეპრესიული მანქანა ჩამოიშლება და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მიეცემა შანსი. ეს არის საზოგადოების ამოცანა. ამ გზით მოხდება რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილება და ქვეყანა დადგება იმ გზაზე, რაც რეალურ თავისუფლებას და მშვიდობას მოგვიტანს. ამ ცრუ ლოზუნგით, „მშვიდობის დროშით“, რომლითაც რეჟიმი მოდის, რეალურად მშვიდობას და თავისუფლებას ექმნება საფრთხე. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბევრად უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს პროტესტში. ეს გვჭირდება ჩვენი ამოცანის მისაღწევად. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ დღეს ბევრი ვიყოთ. ბევრი ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავხდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ. დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.