გიგი წერეთელი - დღევანდელი დიდი შეკრება იქნება დასტური იმისა, რომ ამ დიდი იდეის, დიდი მიზნის ერთგულება არათუ ცოცხალია, არამედ ძალიან ქმედითია - ეს კი გამარჯვების საფუძველია

ეს დიდი შეკრება იქნება დასტური იმისა, რომ ამ დიდი იდეის, დიდი მიზნის ერთგულება არათუ ცოცხალია, არამედ ძალიან ქმედითია - ეს კი გამარჯვების საფუძველია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი წერეთელმა „ინტერპრესნიუსს" თსუ-სთან განუცხადა, სადაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ.
მისივე თქმით, დღეს თავისუფლების მოედანზე „სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და საზოგადოების სხვადასხვა ფენა იქნება“.
„ძალიან მძიმე ორი წელი გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ - იმ ხალხმა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი და ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ევროპული და უნდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს გააკეთებს ის ხალხი, ვინც დღეს არის. ორი წლის წინ, საზოგადოებამ [ირაკლი კობახიძის] ძალიან მძიმე განცხადებასთან ერთად, გადაწყვიტა რომ არ შეეგუოს ამ ყველაფერ და პირობას დიდი მსხვერპლის ფასად ასრულებს. დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან ბევრი ხალხი იქნება და ეს დიდი შეკრება იქნება დასტური იმისა, რომ ამ დიდი იდეის, დიდი მიზნის ერთგულება არათუ ცოცხალია, არამედ ძალიან ქმედითია და ეს არის გამარჯვების საფუძველი. რა თქმა უნდა, [საჭიროა] მაქსიმალური ერთიანობა, კონსოლიდაცია, რისი დემონსტრირებაც სწორედ არის ბევრი ხალხი - სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოების სხვადასხვა ფენა დღეს თავისუფლების მოედანზე იქნება," - განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ. დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

























