ირაკლი ფავლენიშვილი - უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიების მიუხედავად, ქართველი ხალხი არ გატყდა და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება - დარწმუნებული ვარ, თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბება

უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები ვიხილეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა არ გატყდა ქართველი ხალხი. დღევანდელი დღე არის ამ წინააღმდეგობის გამოხატულება, მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და რეპრესიული კანონისა - დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა მეტროსადგურ „ავლაბრის“ მოედანთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები იკრიბებიან.
ფავლენიშვილის ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფის წევრები თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლებსაც აპირებს.
„ორი წლის წინ დაიწყო გადამწყვეტი ეტაპი, ივანიშვილის მცდელობის, დაამყაროს დიქტატურა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა უპასუხა წინააღმდეგობით, ეს წინააღმდეგობა დღემდე გრძელდება. უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები ვიხილეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა არ გატყდა ქართველი ხალხი. დღევანდელი დღე არის ამ წინააღმდეგობის გამოხატულება, მიუხედავად ამდენი რეპრესიისა და რეპრესიული კანონისა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.
ბევრი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი იღებს მონაწილეობას. როგორც ვიცი, გარკვეული ნაწილი აპირებს სიტყვით გამოსვლასაც. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მარშში, რომელიც „ავლაბრის“ მეტროდან იწყება და ამ პროტესტში მივიღებთ მონაწილეობას ბოლომდე.
ივანიშვილს უნდა, რომ აღარ არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი, განსხვავებულად მოაზროვნედ ადამიანი. უნდა, რომ ყველაფერი განადგურდეს და ყველა ემიგრაციაში წავიდეს. ქართველი ხალხი არ ტყდება და სანაცვლოდ ვხედავთ, ივანიშვილის რეჟიმი როგორ არის ჩამოშლის პირას მისული, გამომდინარე იქიდან, რომ მათივე პროპაგანდისტები და ამომრჩევლები საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელიც არის ყოვლისმომცველი. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ყველგან არის მარცხი და ფიასკო, ერთმანეთს ასმენენ, ერთმანეთს იჭერენ, ერთმანეთს ესვრიან და საბოლოო ჯამში, ეს წინააღმდეგობა დასრულდება ბოლომდე ამ რეჟიმის განადგურებით, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული. ამ წინააღმდეგობის გაგრძელება არის ერთადერთი მეთოდი მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

























