ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში და მარტვილის რაიონის კერძო სკოლა “სხივში”, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
„საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და მის ფორმებზე, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივ მექანიზმებზე. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებზე, ძალადობის ადრეულ ეტაპზე ამოცნობაზე, პრევენციასა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის დროული შეტყობინების მნიშვნელობაზე.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი სამართლებრივი პასუხები მოისმინეს.
შეხვედრების მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება.
16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
აღსანიშნავია რომ საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























