მიხეილ ზაქარეიშვილი - მასების აქტიური ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა - 28 ნოემბერს ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა უნდა იყოს საშუალება, რომ საბოლოოდ, მიზანს მივაღწიოთ

ხვალინდელი ხალხმრავალი შეკრება უნდა იყოს მინიმუმი, 28 ნოემბერს ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა უნდა იყოს საშუალება, რომ საბოლოოდ მიზანს მივაღწიოთ, - ამის შესახებ აქტივისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, 28 ნოემბერი არის გარდამტეხი დღე ქართველი ხალხის გონებაში.
„28 ნოემბერი არის ყველაზე მეტად გარდამტეხი დღე ქართველი ხალხის გონებაში. ქართველი ხალხი შეთანხმდა, რომ ის, რასაც ამდენი ხანია ვითმენთ, მოდი, ახლა ამის იქით უკვე ვეღარ მოვითმენთ. ერთი ამბავია, რომ ქუჩაში გამოვიდა ხალხი და მეორეა, რაც მოხდა: განცხადებები დაწერეს, პეტიციები შეადგინეს, შემდეგ უამრავი ადამიანი ამის გამო ციხეში გაუშვეს. ისეთი ტიპის გარდატეხა მოხდა იმ ერთ დღეში, როგორიც, ალბათ, ბოლო წლებში არ მომხდარა. იმის ფონზე, რა ძალადობრივი პასუხის მიიღო ხელისუფლებისგან, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა[პროტესტი]. იმ ხალხმა, რომელმაც მაშინ ეს ნაბიჯი გადადგა, სინამდვილეში საკუთარ თავში გადადგა ეს ნაბიჯი, რომ მოდი, ახლა რაღაცნაირად დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას, იმ ხალხმა წინა ფლანგზე უნდა გადმოინაცვლონ.
მე ვიცი, რომ ის ადამიანები, ვინც მაშინ ქუჩაში იდგნენ, დღეს აღარ დგანან. რაღაც ფორმით ჩართული არიან პროტესტში, რაღაც ფორმით მხარს უჭერენ, აძლიერებენ, მაგრამ მასების აქტიური ჩართულობის გარეშე არ გამოვა არაფერი. ხვალინდელი ხალხმრავალი შეკრება, იმედი მაქვს, რომ ხალხმრავალი იქნება, უნდა იყოს მინიმუმი. 28 ნოემბერს ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა არ შეიძლება იყოს მიზანი, ეს უნდა იყოს საშუალება, რომ საბოლოოდ მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა მიხეილ ზაქარეიშვილმა.

























