სულხან თამაზაშვილი - თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, სადაც მას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ქომაგებმა ღია წყაროებში დადეს ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, პროვოკაციული შინაარსის ბანერები

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც გუშინ აგვარიდა ძალიან დიდ საფრთხეს, მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვა თავი საპოლიციო ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რომ ჩანაწერი გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც მან თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითა.
„ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას ბიჭებმა და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში გდდ-ს 4-მა თანამშრომელმა მიიღო, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზიანებას და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

























