კახა კალაძე - რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?

რუსული მხარე გვეუბნება, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება, რატომ, პრობლემა რა არის? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ არალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შეფასებები და მოყვება ასევე შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

























