ხარისხიანი განათლება - საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ჯილდო მოიპოვა

ხარისხიანი განათლება - საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ჯილდო მოიპოვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით შექმნილმა “საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბმა” გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) მიერ ორგანიზებულ კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“.

საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი 2025 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერ ასოციაციასთან პარტნიორობითა და თიბისის მხარდაჭერით დაფუძნდა.

ჰაბი საქართველოში ინფორმატიკისა და ტექნოლოგიური ოლიმპიადების უმსხვილესი პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ინფორმატიკის და ხელოვნური ინტელექტის ჩემპიონატების ორგანიზება, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პროფესიული მომზადება და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ფორმირება ევროპისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად.

ჰაბის სტრატეგიულ მიზნებს დაარსების დღიდან მხარს უჭერენ პარტნიორი ორგანიზაციები: UN Women, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), საქართველოს ICT ასოციაცია, Lineate, EPAM საქართველო, სამშენებლო კომპანია Blox და მაკდონალდს საქართველო. პარტნიორების ფინანსური, პროფესიული და ინტელექტუალური რესურსების გაერთიანებით ჰაბი ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებასა და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

2026 წლის შედეგები – 12 საერთაშორისო მედალი და 4 საპატიო დიპლომი

საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი აერთიანებს ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადასა და ერთ ეროვნულ ჩემპიონატს (EGOI, EJOI, IOAI, IOI, Olyinfo). 2026 წელს საქართველოს სახელით 4 საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადაზე ტექოლიმპიადების ჰაბმა წარადგინა სანაკრებო გუნდი 18 ახალგაზრდის მონაწილეობით. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა ჯამში 12 მედალი – 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო – და 4 საპატიო დიპლომი მოიპოვეს.

შედეგები საერთაშორისო ოლიმპიადების მიხედვით:

  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) – 7 მედალი და 1 საპატიო დიპლომი;
  • ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა (IOI) – 2 მედალი და 2 საპატიო დიპლომი;
  • ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადა (EJOI) – 2 ბრინჯაოს მედალი;
  • ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) – 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო დიპლომი.

ოლიმპიადების პარალელურად, წლის განმავლობაში, პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდა დამატებითი სასერტიფიკატო პროგრამები და სასწავლო კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება.

(R)