აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში ძლიერმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია.
Reuters-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 1 მილიონი მომხმარებელი დარჩა. ქარის შედეგად, რომლის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წაიქცა.
შტორმმა ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია. FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-სთან დაკავშირებული 454 ავიარეისი გაუქმდა, 2 411 რეისი კი დაგვიანებით შესრულდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე მსხვილი აეროპორტები.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვირჯინიის, მერილენდის, დელავერის, ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატების, ასევე ახალი ინგლისის სანაპირო ზოლის გარკვეულ ნაწილებში დაფიქსირდა ან პროგნოზირებულია ქარის ნაკადები, რომელთა სიჩქარე საათში 50-დან 70 მილამდე აღწევს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ფლორიდაში მომხდარი ძლიერი შტორმებისა და წყალდიდობების გამო, მან შტატისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს იმ დაფინანსებასაც, რომელიც მანამდე, ქარიშხალ „ისაიასთან“ დაკავშირებით იყო დამტკიცებული.

























