შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად,  შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით.

„ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.