კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე - თავშივე ტოქსიკური გახდა, ორივე მხარე უკმაყოფილოა, გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ შეხვედრები გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ

თავშივე ტოქსიკური გახდა [ურთიერთობა], ორივე მხარე უკმაყოფილოა, ორივე მხარე გაოგნებულია, გაბრაზებულია და შეურაცხყოფებზეა გადასული - პერსპექტივას, რომ [შეხვედრები] გაგრძელდება უახლოეს მომავალში, ვერ ვხედავ, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას და ასევე, შეხვედრის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, გალუზინი საშუალო რგოლი ნამდვილად არ არის.
„არასოდეს დიპლომატიასთან არ ჰქონია ურთიერთობა ბატონ კობახიძეს, მაგრამ უწოდო იმხელა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს [„დიპსტეიტის“ მართული]... ის საშუალო რგოლი ნამდვილად არ არის, ძალიან გავლენიანი დიპლომატია და თან მერე უწოდო, რომ „დიპსტეიტი“ ხარ, რომელიც წითელ ხაზად აღიქმება მოსკოვში. „დიპსტეიტი“ მოსკოვის გამოგონებაა, რუსები უწოდებენ ამას სხვას და რამხელა შეურაცხყოფაა გალუზინისთვის, ლავროვის მოადგილისთვის, რომ კობახიძე, სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც თითქოს კარგი ურთიერთობები უნდა რუსეთთან, უწოდებს ჯერ საშუალო რგოლს, მერე „დიპსტეიტს“. სულ მცირე, მოლოდინები, რომ თბილისში ჩამოვა ვინმე იქიდან და გაგრძელდება ეს დიალოგი, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში არც იქიდან ჩამოვა არავინ და ამას არანაირი აზრი არ აქვს თბილისში იქნება, მოსკოვში თუ ხაბაროვსკში, ამას აღარაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამჯერად იმიტომ, რომ აზრი არ აქვს“, - განაცხადა კემულარიამ.
კოტე კემულარია აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოზე გაბრაზებულია, რადგან შემხვედრ ნაბიჯად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ელოდა, რაზეც ქართული მხარისგან მუდამ დაპირებას იღებს, თუმცა „არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადაიდგა“.
„ათი საკითხი, რაზედაც ბატონი ზურაბაშვილი ბრძანებდა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მარტო ღვინოზე, იქ აუცილებლად იქნებოდა მძიმე საკითხი. არსებული ინფორმაციით, რუსეთში არიან გაბრაზებულები, რუსეთმა ხელშესახები ვერაფერი ვერ იპოვა საქართველოში. მუდმივად არის დაპირებები. რა უნდოდა რუსეთს, როცა ფრენები გახსნა, სავიზო რეჟიმი მოხსნა, აბსოლუტურად არ მალავდნენ, რომ შემხვედრი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის და სულ ითხოვენ ამას. სულ ამბობენ საქართველოდან, რომ „ჩვენ მზად ვართ“, მაგრამ არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადაიდგა. ამას დავარქვათ ივანიშვილის სიფრთხილე ან თუნდაც ეშმაკური ნაბიჯები, რომ დრო გაეწელა და დალოდებოდა უკრაინის ამბების დასრულებას, მაშინ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორიც არის, მაგრამ ახლა რა მოხდა? მე ვიტყოდი, სრულიად არაკომპეტენტური იყო ეს ნაბიჯი. ასეთი სიტყვებიც კი თქვა ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ „ჩვენ არ გვეშინია, არ უნდა გვეშინოდეს", მაგრამ უნდა გვეშინოდეს. ვიცი, რამდენად ძლიერია რუსული მანქანა, როდესაც რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეხება და რამდენად მზად არის, გადათელოს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში, „არ მეშინია“ აბსოლუტურად არაკომპეტენტური განცხადებაა“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
კოტე კემულარიას განცხადებით, გალუზინი-ზურაბაშვილის მოლაპარაკებებისთვის არც დრო და არც ადგილი სწორად არ იქნა შერჩეული.
„რომ მიაღწიო წარმატებას, საჭიროა, ზუსტად შეარჩიო დრო ნაბიჯის გადასადგმელად და ასევე ადგილი. არცერთი არ იყო შერჩეული. არანაირად არ იყო ახლა დრო პირდაპირი დიალოგის აღსადგენად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
გალუზინი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია, ეს კაცი არის რუსეთის ყოფილი ელჩი იაპონიაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონის დიპლომატია, თითქმის 30- წლიანი სტაჟით, წმინდა რუსული, კლასიკური ყაიდის. თან ეს კაცი კურირებს „ესენგე“-ს საკითხებს ანუ საბჭოთა კავშირის აღდგენას. მას პირდაპირ დავალებული აქვს ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობა, რომ როგორმე მოატრიალოს მოსკოვისკენ, მათრახითაც და თაფლაკვერითაც შემოიყვანოს ისევ ისე, როგორც დუგინის თეორიაშია.
მოსკოვში წასვლა და მინსკში ჩასვლა თითქმის ერთი და იგივეა. ჯდები კაცთან, რომელიც ასეთი გამოცდილია და დავალებულ აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენა. გალუზინის სიტყვებია, რომ თქვენ ქართველები უნდა მიეჩვიოთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული გაქვთ. ამ კაცს უჯდები და რას ელი იქიდან?“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარებას, კოტე კემულარია აცხადებს, რომ ელჩს გიორგი ზურაბაშვილი არ უნდა შეხვედროდა, რომელიც რუსეთში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელია.
ამასთან, კოტე კემულარია აცხადებს, რომ ევროკავშირისგან იმ სიების მოთხოვნა, ვისაც პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, „აშკარა არაკომპეტენტურობაა“.
„საერთაშორისო ურთიერთობები არ არის პროკურატურის და ბრალდებულის ურთიერთობები, რომ მტკიცებულებები მოსთხოვო. თუ უარს გეტყვიან რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე, ვენის კონვენციით, მხარე არ არის ვალდებული აგიხსნას. თუ უარს გეუბნებიან, ეს მისი საიდუმლოა, მან იცის, რატომ გეუბნება უარს. მაგალითად, ამერიკა როცა გასანქცირებს, არ არის ვალდებული, აგიხსნას, რატომ. ზარქუა ითხოვდა, გადმოგვიგზავნონო, უცოდინარობაა უბრალოდ.
ვინ შეხვდა დღეს ევროკავშირის ელჩს, ვინ დაიბარა და ვინ ელაპარაკა? რუსეთში სპეცწარმომადგენელი. კობახიძემ თქვა, არა, პირველი მოადგილე შეხვდაო. ნიღბები აქვს ზურაბაშვილს? მოიხსნის, მეორეს გაიკეთებს და მერე რუსეთში წავა? ჩვენი კანონმდებლობით, პირდაპირ აკრძალულია ორ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა, ეს დაირღვა. ხვალ რომ ამერიკის ელჩს შეხვდეს, იმან რომ ჰკითხოს, უკაცრავად, თქვენ ხომ რუსეთშიც ხართ წარმომადგენელი, მე როგორ მიბარებთ? ხომ ხვდებით, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა გააკეთო“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

























