თეონა აქუბარდია „ქართულ ოცნებაზე“ - რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი როცა 7 კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს ამ პოზიციიდან?

თეონა აქუბარდია „ქართულ ოცნებაზე“ - რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი როცა 7 კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს ამ პოზიციიდან?

არაფერი გროსმაისტერი არ არის ბიძინა ივანიშვილი, როდესაც საგარეო პოლიტიკას ეხება საქმე. საშინაო პოლიტიკაში კი ბატონო, ვხედავთ მის შედეგებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში არანაირი მიღწევა არ აქვს. ვერც ამერიკასთან შეძლო სტრატეგიული ურთიერთობის განახლება, ვერც ევროკავშირთან ვერ დაალაგა ვერაფერი და რუსეთთანაც ვხედავთ, რამდენი ბარტყიც გადაუგდო, იმდენი მეტი მოითხოვა იმან ისე, რომ ამას არაფერი არ მისცა ხელში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს შვიდი კომპანიისთვის ვერ მოახსნევინა სანქციები, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის დეოკუპაციას მოახერხებს.

„მინსკმა გაასაჯაროვა ამბავი, რომ მინსკის ფორმატი კი აღარ იქნება, როგორც ადრე პრაღის ფორმატი იყო, იქნება მოსკოვისა და თბილისის ფორმატი, ანუ, ამის მერე ზურაბაშვილი მოსკოვში ჩავა და გალუზინი თბილისში ჩამოვა. ამით მინსკის ფორმატი დასრულდა, ერთჯერადი დანიშნულების იყო მინსკის ფორმატი, რომელიც საქართველოში გაყიდეს, როგორც გამარჯვება - პრაქტიკული შეთანხმებები შედგაო, ოღონდ რა შედგა, არაფერი არ გვითხრეს, ეს კაცი ამ ხნის მანძილზე დამალული იყო, არაფერი უთქვამს და როგორც კი მინსკიდან ითქვა, რომ შემდეგი შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში იქნებაო, გამოუშვეს ეს კაცი [გიორგი ზურაბაშვილი] და სისულელეები ალაპარაკეს.

ირაკლი კობახიძე აბსოლუტურად მიჰყვა რუსეთის დღის წესრიგსა და მის კარნახს, მათ შორის, მინსკთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თავად გალუზინი ამბობდა, რომ ჟენევა უნდა გადავიდეს მინსკში, საბოლოო ჯამში ზურაბაშვილი წაიყვანა მინსკში და დაუმატა ჟენევის საკითხები ისე, რომ ჟენევის ფორმატი სამომავლოდ მოკლან. მეორე ამბავია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გალუზინი ამბობდა, შეხვედრები დადებითი იყოო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა თურმე რაიმე გამარჯვების მიღწევა, მითუმეტეს, სუსტის პოზიციიდან.

არაფერი გროსმაისტერი არ არის ბიძინა ივანიშვილი, როდესაც საგარეო პოლიტიკას ეხება საქმე. საშინაო პოლიტიკაში კი ბატონო, ვხედავთ მის შედეგებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში არანაირი მიღწევა არ აქვს. ვერც ამერიკასთან შეძლო სტრატეგიული ურთიერთობის განახლება, ვერც ევროკავშირთან ვერ დაალაგა ვერაფერი იმ დონეზე, როგორც მას უნდოდა, ვგულისხმობ შუა დერეფანსა და პოლიტიკური დიალოგის აღდგენას და რუსეთთანაც ვხედავთ, რამდენი ბარტყიც გადაუგდო, იმდენი მეტი მოითხოვა იმან ისე, რომ ამას არაფერი არ მისცა ხელში. თან ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ისინი ისევ იძახიან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ თურმე, საზღვრები უნდა განვსაზღვროთ, რაც მთავარია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან რუსეთი უნდა გავიდეს, როგორც აგრესორი და ჩვენ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ აფხაზეთთან და ოსეთთან. ანუ, ყველა კარტი უნდა მისცე რუსეთს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მთელ საქართველოზე დაამყაროს კონტროლი ისე, რომ სახელმწიფოს ფორმირება მოხდეს მისი გადასახედიდან საქართველოსი და არა ისე, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ.

აბსოლუტურად ოთხზე და არა ცალ ფეხზე, კიდევ უარესი პოზიციით წავიდნენ ისინი მინსკში და ახლა იმიტომ, რომ მოსკოვში წასვლის წინ ხალხს აჩვენონ, რომ ასე ადვილად არ მიჰყვებიან მოსკოვში, მაგრამ ანტარქტიდაზე საუბრითა და რუსი ხალხის სიყვარულის მითით გაყიდონ ეს ყველაფერი, მიჰყვებიან მოსკოვში. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ არავითარი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან არ არის იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ვიზუალის შექმნის უფლება მისცა ირაკლი კობახიძემ რუსეთს - დროშების ფორმატით ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას და არაფერი სანაცვლოდ.

რაც მთავარია, დაგვიმალეს, რომ ჩამოსული იყო რუსეთის სავაჭრო პალატის თანათავმჯდომარე, მინსკში წასვლამდე ელაპარაკა ზურაბაშვილს და რომ გადააგდო, გალუზინმა უთხრა ეგ ამბავი მინსკში. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი [„ქართული ოცნება”] როცა შვიდ კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს ამ პოზიციიდან”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.