კახა კალაძე - ევროპარლამენტი რეალურად საინტერესო არ არის

კახა კალაძე - ევროპარლამენტი რეალურად საინტერესო არ არის

ევროპარლამენტი რეალურად საინტერესო არ არის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერის კახა კალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხს.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს.

„ევროპარლამენტი რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა.

ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, ვინც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.