სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის საქმის პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის საქმის პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფ დავით ფეიქრიშვილის საქმის პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება როგორც დავით ფეიქრიშვილი, ასევე მასთან ერთად დაკავებული, მისი დაცვის თანამშრომელი, ალექსანდრე ჩაფოძეც.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

დავით ფეიქრიშვილის მიმართ წარდგენილი აღნიშნული ბრალი ქუჩაში, შუქნიშანთან გაჩერების გამო მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. აღნიშნულში ის მისი დაცვის თანამშრომელთან, ალექსანდრე ჩაფოძესთან ერთად მონაწილეობდა.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილი და ალექსნადრე ჩაფოძე 2026 წლის სექტემბერში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილს ბრალი დაუმძიმდა და ის მის ძმასთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლითაც, რაც დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს.

დავით ფეიქრიშვილს ბრალდებულის გარდა, დაზარალებულის სტატუსიც აქვს. კერძოდ კი, დაკავებიდან მალევე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში იყო მოთავსებული. ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 7 პირს, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე კაწროს, შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას, პავლე გოცირიძეს, ასევე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას წაუყენეს.