შალვა კერესელიძე - როდესაც გიორგი ზურაბაშვილს რუსეთთან  ქართულ ღვინოზე სალაპარაკოდ უშვებ, შემდეგ კი ოროსანი ბავშვივით ჩამოდის, ნიშნავს, რომ არც კი იცი, როგორ უნდა ელაპარაკო და რა უნდა ელაპარაკო!

შალვა კერესელიძე - როდესაც გიორგი ზურაბაშვილს რუსეთთან  ქართულ ღვინოზე სალაპარაკოდ უშვებ, შემდეგ კი ოროსანი ბავშვივით ჩამოდის, ნიშნავს, რომ არც კი იცი, როგორ უნდა ელაპარაკო და რა უნდა ელაპარაკო!

როდესაც გიორგი ზურაბაშვილს რუსეთთან სალაპარაკოდ იმ თემაზე უშვებ, რომ რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დაგიწესა, შემდეგ კი ოროსანი ბავშვივით ჩამოდის და გეუბნება: - ვერაფერს მივაღწიე, ემბარგოს მოხსნა კი არა, დამატებით კომპანიები უნდა დაასანქცირონ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არც კი იცი, როგორ უნდა ელაპარაკო და რა ელაპარაკო! - ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც კერესელიძემ განმარტა, ღვინის ემბარგოს საკითხი პოლიტიკაზე მეტად დაკავშირებულია ფულთან და კორუფციასთან. მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთს იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მოსთხოვა. ამის შედეგად კი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არათუ მოგვარდა, უფრო მეტად გართულდა, ასევე გართულდა ვითარება ეკონომიკურად.

კერესელიძის თქმით, “რაც მეტად დაუთმობ რუსეთს, კიდევ მეტად გაგირთულებს“.

“ცალსახაა, რომ შენი ქვეყნის ინტერესებიდან და ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამათ იმის კომპეტენციაც არა აქვთ, თუ როგორ ესაუბრონ რუსეთს.

როდესაც რუსეთთან ლაპარაკს და დიალოგს იწყებ, უნდა იცოდე, როგორ ელაპარაკო და რაზე ელაპარაკო. როცა გიორგი ზურაბაშვილს სალაპარაკოდ იმ თემაზე უშვებ, რომ რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დაგიწესა, შემდეგ კი იქიდან ოროსანი ბავშვივით ჩამოდის და გეუბნება: ვერაფერს მივაღწიე, ემბარგოს მოხსნა კი არა დამატებით კომპანიები უნდა დაასანქცირონ, ამის შედეგ რაზეა საუბარი?! ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არც კი იცი, როგორ უნდა ელაპარაკო და რა ელაპარაკო!

ღვინის ემბარგოს საკითხი პოლიტიკაზე მეტად დაკავშირებულია ფულთან და კორუფციასთან. ეს ასე იყო მუდამ. წარსულში, როცა რუსები ქართული ღვინის გატანას აჩერებდნენ, აჩერებდნენ იმიტომ, რომ ხედავდნენ, რომ რაოდენობა გაიზარდა და არაოფიციალურად გადასახდელი ქრთამი უნდა გაზრდილიყო. ამიტომ პროცესს აჩერებდნენ. ამის შემდეგ ღვინო მხოლოდ მათ მიერ გახსნილი რუსული კომპანიების გავლით გადიოდა, შემდეგ რაღაც პროცესი ლაგდებოდა და გადასახდელი რაც იყო, თვითონ აგვარებდნენ, ჩამოდიოდნენ და დადებით დასკვნას წერდნენ. “ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართული ბიზნესი რუსებს ფულს უხდის იმაში, რომ ეკონომიკურად მასზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ღვინის ექსპორტის 70% არის რუსეთზე - ეს არის შედეგი და ეს არის შეცდომა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ხელისუფლებას დანახული და სისტემურად გააზრებული არა აქვს, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა რუსეთის ოკუპაცია-ანექსიის თვალსაზრისით. რუსეთს დიდი ხანია ეს გეგმა აქვს და ამ გეგმის ნაწილი იყო, 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელშეკრულების გაფორმდა. ამ გეგმის ნაწილია, რომ კონფლიქტისპირა სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება გაიზარდა. ამ გეგმის ნაწილია, როდესაც რუსებმა პირდაპირ გითხრეს: - დაჯექი ოსებთან და აფხაზებთან და საზღვრის დემარკაციაზე დაიწყე ლაპარაკები, ამ გეგმის ნაწილია ჩორჩანას თემა. ამ გეგმის მიზანია სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ისტორიული სამაჩაბლოს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება და მისი რუსეთის ადმინისტრაციის საზღვრებში მოქცევა. აღარაფერს ვამბობ აფხაზეთთან დაკავშირებულ რკინიგზის პროექტზე, სოხუმის აეროპორტზე, ფსოუზე გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტზე და ასე შემდეგ. როდესაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გაჩუმებული ხარ და დანაშაულებრივ დუმილს ამჯობინებ, ეს არის დანაშაული და საქმის არცოდნა!“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატები და მომზადებული რეზოლუცია იყო.

კერესელიძის აზრით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც იმის ცოდნა და კომპეტენცია ჰყოფნის, თუ როგორ და რაზე ელაპარაკოს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, როგორც მოიქცეს და რა გააკეთოს იმისთვის, რომ აღადგინოს ის შესანიშნავი და სამაგალითო ურთიერთობები, რაც დასავლეთთან წლების განმავლობაში გვქონდა და არ დაგვტოვოს მარტო რუსეთის პირისპირ.

“ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობთ, რომ სანქციები ქვეყანას და ხალხს არ უნდა შეეხოს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწესდეს ინდივიდუალურად ჩინოვნიკებზე - პოლიტიკოსებზე, ვინც ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს სჩადის. აქ ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხალხზე და მოსახლეობაზე არ უნდა აისახოს - დაწყებული სავიზო რეჟიმით, დამთავრებული სხვა ყველა მიმართულებით.

“ოცნების“ ხელისუფლებას უკვე არც სურვილი, არც კომპეტენცია და ცოდნა ჰყოფნის იმისა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და აშშ-სთან დიალოგი გააგრძელონ, რათა ის მართლა შესანიშნავი და სამაგალითო ურთიერთობები აღდგეს, რაც აქამდე გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავრჩეთ ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მარტო. თუ ჩვენ ოკუპანტი სახელმწიფოს წინაშე მარტო დავრჩით, მაშინ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ საფრთხეს ნამდვილად ვხედავთ იმ არასწორ და არასახელმწიფოებრივ ქმედებებში, რასაც “ოცნება“ ცივილიზებული სამყაროს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ იჩენს.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ზურგის შექცევა და თანამშრომლობის გაჩერება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - “ოცნების“ ხელისუფლებამ კორუფციული გზით ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს და კორუფციული ფულის მოპარვით ქვეყნის მართვა გააგრძელოს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

“დღის ნიუსრუმის“ სტუმარმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი ახალი წერილიც შეაფასა, სადაც ღარიბაშვილი იმის თაობაზე წერს, რომ ხელისუფლება რეპრესიულ მანქანას მართავს.

კერესელიძის განცხადებით, თუ ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური დაკვეთა იყო და პოლიტიკური პატიმარია, ეს მაშინ იქნება დასაჯერებელი, თუ გამოვა და ყველაფერს იტყვის.

“პირადად ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილი ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკია, რომელიც ციხეში კორუფციის ბრალდებით ზის. ირაკლი ღარიბაშვილი პირველი პრემიერობის დროს სწორედ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ უახლოეს ნათესავებთან კორუფციულ კავშირში იყო. როცა პრემიერად მეორედ დანიშნეს, მისი და მისი კლანის კორუფციული გავლენები სხვადასხვა მიმართულებით ყველამ კარგად იცოდა.

როცა ჯუანშერ ბურჭულაძეზე საუბრობს, ბურჭულაძე მისი უახლოეს ადამიანი იყო, რომელმაც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, დანაშაული აღიარა. მისი უახლოესი გარემოცვა იყო თანამდებობის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან. თუ ღარიბაშვილი თვლის, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური დაკვეთა იყო და ის პოლიტიკური პატიმარია, ამას მაშინ დავუჯებეთ, თუ გამოვა და ყველაფერს იტყვის ანუ ჯუანშერ ბურჭულაძის და რომეო მიქაუტაძის დონეზე კი არ გაჩერდება, რომლებიც მისი უახლოეს მეგობრები იყვნენ და თავისუფლების სანაცვლოდ, მისმა უახლოესმა მეგობრებმა გაწირეს და გაყიდეს, როგორც ამას თვითონ ამბობს - გამოვიდეს და თქვას ყველაფერი! ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავინახოთ, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.

აქ აღსანიშნავია ის, რომ იმის მიუხედვად, რომ ღარიბაშვილი კორუფციულ დანაშაულებზეა დაჭერილი, მას აქვს უფლება, რომ თავი თავისუფალ სასამართლოში დაიცვას, მაგრამ დღეს სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა, დღეს მას თავის დაცვა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მოვა დრო, როცა ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას სამართლიანი სასამართლო მიიღებს. დარწმუნებული ვარ, თავისუფალ სასამართლოშიც ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც კორუმპირებული მაღალჩინოსანი, აუცილებლად დარჩება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.