ლანა გალდავა - თორნიკე რაზმაძის მიმართ მორალური განადგურების პროცესი მიდის, დანაშაულის ნიშნები სახეზეა - თუ საგამოძიებო უწყებას პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს საკითხების შესწავლა

ლანა გალდავა - თორნიკე რაზმაძის მიმართ მორალური განადგურების პროცესი მიდის, დანაშაულის ნიშნები სახეზეა - თუ საგამოძიებო უწყებას პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს საკითხების შესწავლა

მადლობა მათ, ვინც უკვე მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და ვულოცავ. კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც მალე გამოვლენ, ზოგს ვადა ივნისში ეწურება, მათი პატიმრობა კი ძალიან მძიმე ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“ და აგრეთვე ძალიან მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ აზიანებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა.

გალდავას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეიტანა შეწყალებაზე განცხადება და ვინ დათანხმდა საპროცესო გარიგებას, რადგან, მისი თქმით, ამ ახალგაზრდების პატიმრობა ძალიან მძიმე იყო მათი ოჯახებისთვის.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ადამიანს, რომელმაც დატოვა პენიტენციური სისტემა. არ აქვს მნიშვნელობა, შეწყალების თხოვნით მიმართეს თუ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ, ყველა ადამიანი თავად ირჩევს ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკუთარ ფორმას. ისინი ისხდნენ ციხეებში, მათ ყველაზე მეტად განიცადეს ტვირთი, რაც არის ძალიან მძიმე მათი ოჯახებისათვის.

ვიცით, რომ ძალიან ბევრს ოჯახის წევრებიც კი გარდაეცვალა ამ პერიოდში, ზოგიერთი მათგანი ციხეში გახდა 19-20 წლის და ეს ადამიანები რუსთაველზე, სხვადასხვა ადგილას იდგნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, ამიტომაც, ისინი, თავისი პატიმრობით, „ქართული ოცნებისთვის“ ტვირთია, თანაც ძალიან მძიმე, რადგან ეს ადამიანები სიმართლის მხარეს იდგნენ, ისინი თავის ქვეყნის თავისუფლებას იცავდნენ, თავის ქვეყანაში ეროვნულ ინტერესს იცავდნენ, რომელიც საქართველოს ევროპული გზა იყო.

კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ვინც უკვე მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და ვულოცავ. კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც მალე გამოვლენ, ზოგს ვადა ივნისში ეწურება, მათი პატიმრობა კი ძალიან მძიმე ტვირთია „ქართული ოცნებისთვის“ და აგრეთვე ძალიან მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ აზიანებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს“, - აღნიშნა მან.

გალდავამ აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ტროლ-ბოტებთან ერთად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არიან ჩართული. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ ცილისმწამებლური კამპანიით.

„თორნიკე რაზმაძესთან მიმართებით რა კამპანიაც მიმდინარეობს სოციალურ ქსელში, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ერთიანი კამპანია, სადაც ჩართულები არიან, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვგულისხმობ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ასევე, ის ტროლ-ბოტები, რომლებიც სამთავრობო ხაზს მუდმივად იზიარებენ.

გარდა ამისა, დარღვეულია თორნიკეს უფლებები იმ თვალსაზრისით, რომ ვრცელდებოდა მისი პერსონალური მონაცემები. პროცესი არის ადამიანის მორალური განადგურების პროცესი. თორნიკე რაზმაძეს, გარდა პიროვნული თავმოყვარეობისა და პერსონალური იმიჯისა, ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილი და ეს არის დანაშაული, რაც ხორციელდება მის მიმართ, ამიტომაც, საგამოძიებო უწყებას თუ აქვს იმის პრეტენზია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებაა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ამ საკითხების შესწავლა, რადგან დანაშაულის ნიშნები სახეზეა, ძალიან მარტივია დღეს ამ ყველაფრის გამოძიება. გარდა ამისა, ის არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და დღეს ყველას აინტერესებს, რა კონკრეტული ღონისძიებები და სამართლებრივი ქმედებები გატარდება მისი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ლანა გალდავამ.