საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში შეხვედრა გამართეს.

როგორც პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ორივე ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, საუბარი იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, უსაფრთხოებაზე და მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეგობრული, მეზობლური ურთიერთობებია. ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული და გრძელდება დადებითი ტენდენციით“, - განაცხადა ბაირამოვმა.

მისივე თქმით, დღევანდელ, როგორც ორმხრივ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და განიხილეს კავკასიაში მიმდინარე პროცესები.

„განვიხილეთ, ამავდროულად, ჩვენი საერთო სახლის, სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალობის და პროცესების შესახებ. ასევე, საერთაშორისო კონტექსტში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ძალიან ფართო დღის წესრიგი არსებობს. ყველაზე მაღალ დონეზეა პოლიტიკური დიალოგი, აქ ძალიან სერიოზული დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა ბაირამოვმა.

ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ დადებითი დინამიკა არსებობს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებშიც ორივე მხრიდან. მინისტრის განცხადებით, პოტენციალი უფრო დიდია და ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

„საერთო ჯამში აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში ოთხ მილიარდზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული წლების განმავლობაში“, - განაცხადა ბაირამოვმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში მაღალი დონის დიალოგს გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც.

„დღეს უკვე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს. ასევე, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა ჯაფაროვას, შევხვდები, ასევე, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას კოლეგასთან და მეგობართან გვქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად მესაუბრა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, დღის წესრიგზე სამომავლო ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის. ჩვენ გვქონდა პატივი წელს საქართველოში გვემასპინძლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის და ეს სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, ასევე, საქართველოდ პრემიერ მინისტრის ვიზიტი, რომელიც მაისში განხორციელდა ბაქოში, იყო მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მიღწეული შეთანხმებებით ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, რასაც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების გამყარების გზაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ბაქო - თბილისი- ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების თაობაზეც. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პროექტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის, არამედ მას რეგიონული, უფრო მართო მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადების კონტექსტში.

„ამ პროექტის სრულად დატვირთვას, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო მიღწეული მიმდინარე წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობას რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა „პოზიტიური დინამიკა“ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ინვესტიციების კუხით თანამშრომლობის სფეროში, თუმცა მანაც გაიმეორა, რომ პოტენციალი არის უფრო მეტი.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ფორმატზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2027 წლის დასაწყისში ორი ქვეყნის მინისტრის მასპინძლობა საქართველოში დიდი პატივი იქნება.

მაკა ბოჭორიშვილმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე. საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო და არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. მივესალმებით პროგრესს, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რეგიონში ხელს შეუწყოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გამტკიცებას, ასევე, რეგიონის პოტენციალის უკეთ გამოყენებას.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა „ტრიპის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, აქვს რეგიონული დაკაშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ მნიშვნელობა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მიგვაჩნია, რომ ყველა პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში რეგიონის გაძლიერებას დაკავშირებადობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, - დასძინა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა დასასრულს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოხარული იქნება თბილისში უმასპინძლოს კოლეგას მიმდინარე წლის დასაწყისში.

„ჩვენი პოლიტიკური დიალოგისთვის ვიზიტები არასდროს არის ზედმეტი. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა იმის ფუფუნებას არ გვაძლევს, რომ მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინტენსიური კონსულტაციები, მუდმივად აზრთა გაცვლა გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე განვითარებაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცება იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას შეეძლოს კიდევ უფრო უკეთესად პოზიციონირება რეგიონში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს შუა დერეფნის განვითარება არის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც არსებობს რეგიონში.