ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - „3 წლის გოგონა უფრო ადრე დატოვებს კლინიკას, ვიდრე 11 წლის ბიჭი“

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის გოგონა უფრო ადრე დატოვებს კლინიკას, ვიდრე 11 წლის ბიჭი.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.
„ 2 ბავშვი გადის ჩვენთან მკურნალობას. 11 წლის ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში და მეორე, 3 წლის გოგონა პედიატრიულ განყოფილებაში. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია მათი საერთო მდგომარეობა. გოგონა, სავარაუდოდ, უფრო მალე დატოვებს კლინიკას, ვიდრე ბიჭი“, - აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

























