გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ახალ წევრებს მიიღებენ, პრაქტიკულად სუვერენიტეტის ჩამორთმევის უფლებით - ახალ წევრს არ ექნება იმის უფლება, რომ ვეტო დაადოს ამა თუ იმ საკითხს, ასეთი ევრო-საბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ

ახალ წევრებს მიიღებენ პრაქტიკულად სუვერენიტეტის ჩამორთმევის უფლებით - ახალ წევრს თუ მიიღებენ, არ ექნება იმის უფლება, რომ ვეტო დაადოს ამა თუ იმ საკითხს. ასეთი ევრო-საბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების ახალ შესაძლო წესებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით სურს, თუმცა „ბრიუსელიდან სრულიად საპირისპირო მიდგომა ჩანს“.
„მგონია, რომ ეს ახალი წინადადება არ არის. რამდენიმე თვეა, თუ არა ერთი წელი, რაც თავად ევრობიუროკრატიაში განაცხადეს მაღალმა თანამდებობის პირებმა, რომ ახალ წევრებს არ მიიღებენ იგივე პირობებით, რაც არის არსებული წევრებისთვის, არამედ მიიღებენ პრაქტიკულად სუვერენიტეტის ჩამორთმევის უფლებით. ახალ წევრს თუ მიიღებენ, არ ექნება იმის უფლება, რომ ვეტო დაადოს ამა თუ იმ საკითხს. პრაქტიკულად გამოდის, რომ მაგალითად, საქართველო თუ გაწევრიანდა ევროკავშირში ამ წესების შესაბამისად, თუ საქართველოს ეკონომიკის, ან მიგრაციის, ან ემიგრაციის, ან ნებისმიერი პოლიტიკის საკითხი არ ემთხვევა ბრიუსელის საკითხს, გადაწყდება ბრიუსელის საკითხი და არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები.
რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ იქნება თანახმა და ამას ვაცხადებთ ჩვენ, რომ ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით, როცა კრემლში და მოსკოვში წყდებოდა ძირითადი საკითხები, სხვათა შორის, უნდა ითქვას, რაღაც საკითხები საქართველოშიც წყდებოდა და ახლა ბრიუსელი ამბობს, რომ საერთოდ მე გადავწყვეტ ყველაფერსო. ასეთი ევრო-საბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ, ხომ ხედავთ, რომ არსებული წევრებიც ეწინააღმდეგებიან და მათ შორის არსებულ წევრებზეც უნდათ, რომ ჩამოართვან ვეტოს უფლება, ანუ აღარ შევეკითხოთ არსებულ წევრებსაც კიო.
შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იყო დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის და ახლა ეს ევროკავშირი თუ დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ როცა შემოხვალ უფლებები აქ აღარ გექნება და მე როგორც მინდა ისე უნდა გადავწყვიტოო, რასაც პრაქტიკულად ახლა ამბობენ. ბუნებრივია, რომ ამაზე არცერთი ნორმალური სახელმწიფო არ დათანხმდება. თუ ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ, ერთმანეთში ილაპარაკონ და ჩვენ თავი დაგვანებონ, იმიტომ, რომ ჩვენი მოცემულობა არის ის, რომ ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ ისე, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესები და სუვერენიტეტი იყოს დაცული. ამიტომ მინდა გავწევრიანდე და შენ თუ მეუბნები, რომ შენს სუვერენიტეტს კი არ დავიცავ, არამედ უფრო შევამცირებო, ბუნებრივია, ამაზე არავინ არ დათანხმდება.
მონტენეგრომ გადაწყვიტოს უნდა თუ არა უფლებების გარეშე ევროკავშირში შესვლა და საქართველოში ეს არავის არ უნდა. გარდა რამდენიმე იმ ტვინარეული ადამიანის გარდა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ბრიუსელს. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ ასეთი რამ იქნება საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია, რომ ამას არავინ არ დათანხმდება”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას და პროცესი მონტენეგროთი დაიწყება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, „ორბანის სტილის“ დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.

























