ვლადიმერ პუტინი - ევროპელებს, დიპლომატიური არხებით, მოსკოვში ჩამოსვლა შევთავაზეთ, რათა მათი პოზიციები გავარკვიოთ

რუსეთმა უნდა გაარკვიოს, რა წინადადებებით აპირებენ ევროპელები სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებთან ერთად გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვმა დიპლომატიური არხების საშუალებით მათ მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, რათა კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე პოზიცია მოესმინათ.
„უნდა გავარკვიოთ, რა პოზიციით მოვა ევროპა ამ მოლაპარაკებებზე. ამიტომ ევროპელებს, დიპლომატიური არხებით, მოსკოვში ჩამოსვლა შევთავაზეთ, რათა მათი პოზიციები გავარკვიოთ. ამის შემდეგ კი გადავწყვეტთ, რა ფორმატში გავაგრძელებთ დიალოგს უკრაინასთან“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროპის გარეშე საუბარი უცნაური იქნება და რუსეთი მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის წინააღმდეგი არ არის.
პუტინის თქმით, ევროპაში უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებების მისაღწევად პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„ვერ ვხედავ რაიმე გადაულახავ დაბრკოლებას შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნები ასეთი უსაფრთხოების სისტემის შესახებ ლეგიტიმურია და მოსკოვი მზადაა განიხილოს ისინი, მაგრამ ევროპელების გარეშე ამის გაკეთება უაზრობაა.
„ეს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების საკითხია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინას აქვს უსაფრთხოების უფლება, ისევე როგორც რუსეთს. უბრალოდ, არავის სურს რუსეთის უსაფრთხოების განხილვა და ეს ჩვენთვის, რბილად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხია”, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ევროპასთან ომისკენ არ ისწრაფვის.
„ამერიკელები გამუდმებით მოგვიწოდებენ, ევროპასთან ურთიერთობები დავალაგოთ. მაგრამ ეს ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ეს პოლიტიკური დიარეა უნდა შეწყდეს. რას ლაპარაკობენ იქ რაღაც ევროპაზე თავდასხმების შესახებ? ხომ ყველას ესმის, რომ ჩვენ ევროპასთან ომისკენ არ ვისწრაფვით? რა სისულელეა?“ - აღნიშნა პუტინმა.

























