დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რომ პუტინს და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც, სურთ ამ ომის დასრულება

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რომ პუტინს და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც, სურთ ამ ომის დასრულება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში „განსხვავებულ კურსს“ ირჩევს, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად გამართა ერთობლივი შეხვედრა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.

„როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, ჩვენ გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ღია, პატივისცემით სავსე და ნაყოფიერი დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, - განაცხადა ტრამპმა ჩინელ და რუს კოლეგებთნ მოლაპარაკებების დასაწყისში.

მისი მტკიცებით, წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ საუბარს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უთანხმოებები ჰქონდათ.

“ჩვენ კი სრულიად საპირისპირო მიდგომა გვაქვს და ამაში სრულიად დარწმუნებულნი ვართ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ იმ ლიდერებთან საუბარზე უარის თქმით, რომლებთანაც უთანხმოებები არსებობს, „არცერთი პრობლემა არასდროს გადაჭრილა“.

„შესაბამისად, მშვიდობა არასდროს დამყარებულა ურთიერთობისა და დიალოგის შესაძლებლობებზე უარის თქმის გზით. ჩვენ კი სხვა გზას ვირჩევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სამმხრივ სამიტზე ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ რომელიმე ქვეყნის დარწმუნება იარაღზე უარის თქმაზე რთული იქნება.

„როცა ბირთვული იარაღი გაქვს, ძალიან ძნელია, ის აღარ გქონდეს. ასეა მოწყობილი ცხოვრება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ომი, შესაძლო, მალე დასრულდეს.

„ვფიქრობ, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ პუტინს - და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურთ ამ ომის დასრულება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.