კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ

კახა კალაძე - კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მუნიციპალური ლაბორატორია მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს - მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, 90-ვე ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ.

„ფონიჭალაში დღეს დილით, სამწუხარო ფაქტი, აფეთქება მოხდა, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვით არის გამოწვეული. ამ წუთებში სამძებრო-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, 7 ადამიანს ეძებენ. პარალელურად მინდა გითხრათ, რომ მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების და სამუშაოების გატარება. პარალელურად, მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, ყველაფერი უზრუნველყოფილია, თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როცა მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.