ნიკოლ ფაშინიანი - დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს

ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუერთდა სომხეთი დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მიღებულ ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას.
ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში ნატო-სთან დაკავშირებული ფორმულირებები იყო.
„ჩვენ ერთი მიზეზით არ შევუერთდით და პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ იქ ნატო-სთან დაკავშირებით ბევრი მითითება იყო. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ დიახ, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში არ გვაქვს გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების ან მსგავსი მიზნის დასახვის შესახებ. ჩვენ ვთქვით - დიახ ევროკავშირს, მაგრამ პოლიტიკის გადაწყვეტილებას სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ლოგიკით არ ვიღებთ. მიზეზი ეს იყო და ისინი ამას გაგებით მოეკიდნენ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, დუბლინში, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას 40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა.
























