მევლუდ მელაძე - ქალაქის მერს ვთავაზობ, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარონ, ერთი თვე მერიის ყველა თანამშრომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს სამსახურში და არ გამოიყენონ თავიანთი კერძო ავტომობილები

მე ვთავაზობ ქალაქის მერს, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარონ თავიანთ სამსახურში, ერთი თვე მერიის ყველა თანამშრომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს სამსახურში და არ გამოიყენონ თავიანთი კერძო ავტომობილები, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მევლუდ მელაძის თქმით, თუკი მერია მის შეთავაზებას მიიღებს, ამ ექსპერიმენტის შემდეგ „ზედმიწევნით ზუსტად ეცოდინებათ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს“.
„ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად გამოჩნდებოდა, რა არის გასაკეთებელი, რა არის საჭირო, ავტობუსის ხაზების დამატებას ვგულისხმობ. ასევე, მეტროს განვითარება არის ქალაქისთვის მომაკვდინებლად საჭირო - ახალი სადგურები და ახალი ხაზები.
ავტომობილი არ არის მარტო ფუფუნების საგანი, ავტომობილი არის ის იარაღი, რომელიც გჭირდება ოჯახის შესანახად. გარდა გადაადგილებისა, ავტომობილით აკეთებ საქმეს. გინდა არ გინდა, ეს იარაღი გჭირდება, სხვაგვარად გაგიჭირდება ოჯახის შენახვა.
შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტითაც მოძრაობდე, მაგრამ მანქანა მაინც გჭირდება. თუნდაც რაიონში წასასვლელად, რამის მოსატანად. ბავშვებია ოჯახში, რომელთაც ასე მარტივად ვერ მიიყვან“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.
























