არჩილ გორდულაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე - ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხები იყო, რომ ან არ იციან, ან არ ესმით, ან არ გაუგონიათ, ამით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ

არჩილ გორდულაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე - ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხები იყო, რომ ან არ იციან, ან არ ესმით, ან არ გაუგონიათ, ამით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი ხუთი ოპოზიციური პარტია, ერთი ხელიდან იმართება.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მოქმედებები და „ერთობის დეკლარაცია“ ადასტურებს, რომ მათი საერთო პოლიტიკური მიზანი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან თანხვედრაში არ არის.

„არათუ 1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერა, არამედ, ზოგადად, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხები იყო, რომ ან არ იციან, ან არ ესმით, ან არ გაუგონიათ… ამით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ.

რაც შეეხება 1633-ს, ეს რეზოლუცია, ეს არის „ნაცების“ და მათთან დაკავშირებული ე.წ. პარტიების თავზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი. როცა შენ ამბობ, რომ ჩანაწერი, რომ თითქოს საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები, რომ მძინარე ცხინვალზე ისროლეს ეს კასეტური ბომბები, ადამიანის უფლებები არის შელახული, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები იყო საპასუხო და კითხვის ნიშანს ტოვებ, რომ შესაძლებელია ქართველ სამხედროებს ჩაედინათ ომის დანაშაული აი, ამ ყველაფერს გაბედავ და იტყვი, ეს არის თურმე დიპლომატიური წარმატებაო, რაც ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, აი, ეს არის დამოკიდებულება, კარგად აჩვენებს, ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვს „ნაცმოძრაობას“ ქვეყანასთან, ქვეყნის ჯარისკაცებთან, ქვეყნის სუვერენიტეტთან, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და ელემენტარულ ფაქტებთან და სიმართლესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გახარიას პარტიას, გახარიას პარტიამ დღეს, მაგალითად ვერ შეაფასა „ნაცმოძრაობის“ 1633-ე რეზოლუციაზე მხარდაჭერა, ეს რა ქმედება იყო, აღიარა ჩადენილი „ნაცმოძრაობამ“ თუ დააბრალა საკუთარ ქვეყანას?! აი, მარტივ კითხვას გახარიას პარტიის წარმომადგენლები გაექცნენ, რატომ გაექცნენ? მერე ადგებიან და იტყვიან, ჩვენ ერთად არ ვართ, ერთნი არ ვართ… კოალიციაში არ ვართ და არც ერთიანი ორგანიზმი არ ვართო.

აი, ასეთ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზეც კი გახარიას რომ არ შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ საპირისპირო განცხადება გააკეთოს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელიდან იმართებიან, არიან ერთი სულისკვეთების და საბოლოო ჯამში მათი მიზანი ყოველთვის იქნება საერთო და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის საწინააღმდეგო“, - განაცხადა გორდულაძემ.