ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანი ერთი ოჯახიდანაა, ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი. მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე ბავშვიც, რომლის რეფერირებაც თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.